Wailing Embrace – Destiny, Infinity, Eternity

ნისლი, რომელიც ფარავს ყველაფერს, რისი დანახვაც არ გვინდა. ფიქრები ფიქრებზე. ფიქრები იმაზე, თუ რას ფიქრობდი, რას ფიქრობ, რას ვფიქრობ. მცივა. სიცივეა, ვერ აღვწერ. გეცნობა ჩემი თვალები? მუქი, ნესტიანი და უენერგიო. ისევ, ისევ, ისევ… უფერული და შიშისმომგვრელი ყვავილები, რა ხდება? რა მოხდა? ნუთუ ესეც იდიოზურობის რიგითი გამოვლინება იყო? თითქოს უბრალოდ აიღე დანა და მოკალი შენი ხუთი თვის ფეხმძიმე ცოლი, მაგას რა მიზეზი სჭირდებოდა…

ახალი დღე, მე ისევ ვარსებობ. არ დანებდე, სწორ გზაზე იდექი. და ისინი მოვლენ, მოგვიტანენ უკვდავებას, ისინი მოგვიტანენ ჩვენ ყველას უკვდეავებას… იბნევი, უკვე დაიბენი და მოგეძალება შენ შიში, როცა დარჩები წვიმაში და ქარში. რეალობა საშინელებაა, რეალობა დუღს, რეალობა ცივია. წადი, გაიქეცი… შენ უნდა გაექცე აქაურობას, დატოვო ყველა. ახალი დღე დაიწყება და მე ისევ ვიარსებებ. ნიჟიერი, ნიჭიერი მკვლელი მხატვარი.

ნუთუ სიცოცხლე მარადიულია? ნუთუ სულ მუდამ ვიქნებით? არ ვიცი, ცუდი იდეა იყო. ახლა კი ადიდებულ ცრემლზღვაში იხრჩობიან ფიქრები, ფიქრები ფიქრებზე.

ახალი დღე, მე ისევ ვარსებობ.

Advertisements

სიდი და ჯეინი სტუმრად ერთმანეთთან

ტყეში გრილად თბილოდა. ირგვლივ ხმადაბალი სიმშვიდე იყო და ყველაფერი თბილად იფერებოდა. შუა ღამის ძილმორეულ ბალახზე იჯდა სიდი და მსუყე ფოთლებიან ხეს ზურგით ეყრდნობოდა. ხის მეორე მხარეს იჯდა ჯეინი და ცას აჰყურებდა. სხვა პლანეტები მოჩანდნენ, მშვიდი, წყნარი პლანეტები.

– და მაშ… ფიქრობ რომ სამუდამოდ ვართ? – თითქმის ჩურჩულით ჰკითხა სიდმა.
– არა, სამუდამო არაფერია…
– მინდოდა სულ მეცოცხლა. მთელი სიცოცხლის მანძილზე რომ მეცოცხლა.
– მთავარია საკმარისად ვიცოცხლოთ, და არა სულ…
– შენ. შენ არ ხარ ადამიანი. სხვანაირი ხარ შენ. და შენ აფრენ, ცოტათი. ან ბევრით.

სიდი ზამთრის ცივ მიწაზე მოკიდებული ნისლივით იყო, უარაფრობით და არაფრის ფრობით. და მაინც, საოცარია არა სამყარო? თავისი ყველაფერი კარგით და ყველაფერი ცუდით. ჯეინი ზღვას ჰგავდა. ყველა ადამიანი ჰგავს ზღვას რაღაცით, თითქოს… მაგრამ ჯეინი განსაკუთრებით ჰგავდა.

– მადლობა, რომ მოხვედი, ჯეინ.
– მე არც წავსულვარ…
– ჩვენი სამყაროები ჰგვანან ერთმანეთს?
– კი, ოღონდ ჩემთან უფრო მეტი ფერია, თითქოს… შენთან შავებიც არის.
– შავი ფერი არ არის… შავი არა-ფერია. ყველა გაგებით არაფერია. და სადაც შავია, იქ შავი ფერი კი არ არის, უბრალოდ იქ არაფერია.

რამდენიმე დღის წინ სიდმა “სახლში” საღებავები მიიტანა, თავი მოხსნა და ბევრი სხვადასხვა ფერი შეანთხია რბილ თეთრ კედლებს.

– უნდა წავიდე ჯეინ, წამლის დროა.
– მეც დავაგვიანე…
– მადლობა რომ მესტუმრე… შეხვედრამდე, ჯეინ.

კატასტროფა ტვინში

ილუზიები, ფიქრები, უაზრობა.

ზიხარ ტყეში, ბინდში, მარტო. გაშტერებული თვალები უსასრულობისკენ მიგიშვერია და არაფერს ამბობ. ბნელდბა. მარტო შენთან ბნელდება. სინათლეა, შენთვის ბნელდება. ხეები ოდნავ იძვრიან, ფრთხილად, ფეხაკრეფით, ფესვაკრეფით ნელ-ნელა მიცოცავენ შენგან შორს. ბალახი ხმება და მიწას ალპება. უარესად ბნელდება და მიწასაც ვეღარ გრძნობ. შენ ხარ ყველაფერი – შენ ხარ არაფერი. დარჩი მარტო და მოვიდა დრო, რომ ესაუბრო შენს თავს. უყვირო, უღრიალო. შენ არაფერს აკეთებ. მაინც გაშეშებული ხარ, მხოლოდ ხანდახან თუ გამოძრავდები ძველი გამომპალი ჰაერის გამოსასუნთქად და ახლის შესასუნთქად. და მერე ეს ჰაერიც გალპება ფილტვებში.

გეწყება ჰალუცინაციები. გეჩვენება რომ მიცურავ, შორს, თავისუფლებისკენ მიცურავ. ღრმად სუნთქავ და ხელებს მთელი ძალით იქნევ და წყალს უბრახუნებ. ხან მიცურავ, ხან იძირები. მიცურავ და წყალი უფრო და უფრო მუქდება. ხანდახან მოქნეულ ხელს მოტივტივე გამომპალ გვამებს დაახეთქებ ხოლმე და ეს გვამებიც უფრო და უფრო ხშირად გხვდებიან. შორს მიცურავ, რაც კი ძალა გაქვს არ იშურებ და მიიწევ იქით, შორს, ჰორიზონტზე მოლივლივე თავისუფლებისკენ. მაგრამ, უკვე იმდენი გვამია შავ მყრალ წყალში, რომ ვერც კი მიცურავ და მათ შორის გაჩხერილი იჟღინთები ლპობამიდრეკილ სითხეში. ღრიალი. ღნავილი და კივილი ისევ.

სიდი შეხტა. უნებურად წამოიყვირა. ტყეში იჯდა, ბინდში, მარტო. რაც საგიჟეთიდან გამოუშვეს, იმის მერე თითქმის ყოველდღიურად დადიოდა ამ ადგილებში. მარტო. თვალები სულ გამომშრალი ჰქონდა. დახუჭვისას სიმშრალისგან ძლიერი ტკივილი იგრძნო. მალე გაუარა და სიმშრალეც გაუქრა. ძალაგამოლეული წამოდგა, ხელები უკანკალებდა და მთლიანად სხეულითაც თრთოდა. უკვე ღამე იყო, ცაზე არც მზე იყო და არც მთვარე. უბრალოდ ბნელოდა. სიდი სახლში მივიდა, ტანსაცმელი ერთიანად გაიძრო და საწოლში შეწვა. საბანი მჭიდროდ შემოიფარა, მოიკუნტა და შეეცადა დასძინებოდა.

არც ღამდებოდა და არც თენდებოდა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ნებისმიერ რამეს, ყველაფერს, ყველაფერს გაურკვევლობის მყრალი სუნი ასდიოდა. უბრალო ხეს ქუჩაში, შპალერს ოთახში, უნახატო ჩარჩოს მიტოვებულ სახლში, სიცარიელეს ყველგან, გამხმარ ყვავილებს ქოთანში – ყველაფერი ამ სუნში იყო გაჟღენთილი.

სიდმა საგიჟეთი დატოვა. განიკურნა. არ ვიცი, ასე თქვეს.

პლანეტების ამბავი (სიდი საგიჟეთშია)

სიდი გაშეშებული იჯდა და მზის ჩასვლას აკვირდებოდა. ვეღარ ღელავდა, ვე(ღა)რაფერს შეცვლიდა… მზე ჩადიოდა, მერე ისევ ამოვიდოდა (ალბათ)… სიდი უკვე სრულ ჭკუაზე აღარ იყო. ღრიალსა და კივილს შორის არსებული რაღაც არაადამიანური ხმით ღნაოდა, მე სხვა პლანეტა გავხდებიო. მისი ასეთი ქცევებისთვის არავის მიუქცვია ყურადღება. ზოგი ეჭვის თვალით უყურებდა, ზოგი ფიქრობდა გადახდენილი ამბების ბრალია და გაუვლისო…

…გავიდა დრო… სიდი ნაცნობებმა “სადღაც” მიიყვანეს. I have sustained serious damage…

სიდი ფანჯრის რაფაზე იყო შემდგარი და გარეთ იყურებოდა, გისოსებს მიღმა. ხელს ვერაფერს კიდებდა, რაღაც გაუგებარი ხალათი ეცვა და ვიღაცას მისთვის სახელოები ერთმანეთზე გადაუკვანძავს… გარეთ მზე ანათებდა, სიდი კი მაინც ძველებური, თავდაპირველი მზის ამოსვლას ელოდებოდა (ამაოდ). მზე სხვანაირი იყო.

– სიდ, წამლის დროა! – ოთახის სარკმლიდან შემოსძახა მორიგემ, რომელსაც რაღაცატომ გაუკვირდა, ბიჭი რომ ფანჯრის რაფაზე იყო აბობღებული.
– მზე მაინც ამოვა! – აღრენილი სახით მიაძახა სიდმა მორიგე ჯეინს.
– ამოვა, ამოვა… მეც მინდა ჩემი მზე – თქვა და ამოიხვნეშა მორიგემ. თითქოს ყველაფერი ესმოდა, ყველაფერს ხვდებოდა, რასაც სიდი განიცდიდა და ფიქრობდა.

…გავიდა ხანი… თვე, წელი…  What never came, will never be the same…

სიდი ფანჯრის რაფასთან იჯდა და სადღაც უსასრულობაში იყურებოდა გაშტერებული და მშრალი თვალებით. ყოფილი მორიგე ჯეინი მის ოთახში იყო და მასაც შეკრული ჰქონდა ხელები. მართლა ესმოდა მაშინ ამ უდანაშაულო გოგონას ასევე უდანაშაულო ბიჭის, მასაც უნდოდა თავისი მზე.

– ჯეინ, ისე რას ფიქრობ, სხვა პლანეტებზეც ხომ ცხოვრობენ?
– აჰამ, ნამდვილად ვიცი. – დამაჯერებლად, მაგრამ ღონემიხდილი ხმით უპასუხა ჯეინმა.
– და იმათ ხომ არ სჭირდებათ ეს მზე? ხომ შეიძლება რომ სხვა პლანეტაზე გადავსახლდე?  სხვა პლანეტა გავხდე… მე მინდა სხვა პლანეტა ვიყო, სხვა სისტემის. მაშინ ხომ მე სხვა მზე მეყოლება? სხვა მზის გარშემო ვიტრიალებ… და მინდა მე და მზემ ერთმანეთის გარშემო ვიტრიალოთ. თორემ ერთი მზის გარშემო, ჯეინ, ხომ ხედავ რამდენი პლანეტა ბრუნავს აქ… ყველას თავისი ორბიტა აქვს, მაგრამ ზოგჯერ თავის ორბიტას გადაუხვევენ და ერთი პლანეტა მეორეს ეჯახება. მზეს არაფერი მოუვა, მაგრამ ორივე პლანეტა ფეთქდება და ნადგურდება. და თუ გადარჩა, უაზროდ მიექანება უსასრულობაში სანამ სხვა მზის სისტემაში არ შევა და იქ არ დაიწყებს ბრუნვას… ჯეინ, გესმის ჩემი?
– კი, სიდ. მესმის, მართლა მესმის…
– და მე მინდა მზე, ნათელი და კაშკაშა.

მზე (ბოლო იმედი)

ცხრა მთას იქით ნელ-ნელა ღამდებოდა… ფოთლები ცვიოდა, ერთმანეთს ეფინებოდა და იხრწნებოდა. მთის იქით მზეს რაღაც ჩაებღაუჭა, ცაზე კაუჭით დაკიდებულს ბოლო მავთულიც მოსწყვიტა და ხახაში ჩაინთქა. მთელი დღე ღმუოდა და ზუზუნებდა ცა, ბოლოს გაიბზარა, ერთხელ დაიგრუხუნა და სულ გაქრა.

აღარეფერი დარჩა საერთოდ. მან კი მზის ნატეხების შეგროვება დაიწყო. მხოლოდ იმედიღა ჰქონდა. ძალიან დიდი ხანი აგროვებდა და თან ვერაფერს ხედავდა ნისლში. გზის გასანათებლად სამყოფი რომ შეაგროვა, გზას გაუდგა.

ფეხი რაღაცას წამოჰკრა, ოღონდ რაღაც მძიმედ მოეჩვენა. დაიხარა და ქვას მზე დაანათა. ქვა დაიჭმუხნა, ზედ ადამიანის სახემ თვალები მოჭმუჭნა და დიდი ხნის დავიწყებულ მზეს აერიდა. შორს სახლი მოჩანდა, მზიანმა ბიჭმა კარი შეაღო და შევიდა… მზე წელში მოხრილ და ჭერზე აბჯენილ ნაოჭიან ხეებს მიენათა. ხეებს სახეები უსიამოვნოდ შეეშმუშნათ და ჭრიალი დაიწყეს… ბიჭი სწრაფი უკუსვლით და გაფითრებული სახით გამოვიდა უკან, დადგა, ჩაფიქრდა… ცოტა ხანში მუხლებზე დაეცა, მოიკუნტა, თვალზე ცრემლი მოადგა და ფხვიერ უსულო მიწას თავით დაეყრდნო…

…ძალა მოიკრიბა, ძირს გაფანტული მზე ისევ წამოკრიფა, მძლავრად მოუჭირა ხელი და ამ დროს ცამ კიდევ დაიგრუხუნა. ბიჭმა თვალები ოდნავ შეახილა და უკვე დიდმა მზემ ციდან სასიამოვნოდ შეანათა თვალებში…

მზე ცაში იყო და ანათებდა…

მინდორზე იფურჩქნებოდნენ ყვითელი ვარდები. ალუბალზე რტოები ხარბად ამოზრდილიყვნენ… რაღაც რუხი უბრალო სარეველაც კი ამშვენებდა ძველ აივანს… ლარნაკში იებიც აყვავდნენ ნაზად…

…რაც არ უნდა მოხდეს

ლეთე

ნახატის ავტ.: Zdzisław Beksiński

ლეთე ძალიან ლამაზი იყო… მასთან ხშირად მიდიოდა ერთი ყმაწვილი. ძირითადად ცხენზე ამხედრებული იყო ხოლმე, ჩემოქვეითდებოდა, მდინარის პირას ჩამოჯდებოდა და გაჰყურებდა მას დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან უყვარდა ეს ადგილი, ლეთეს გარეშე ერთი დღეც ვერ ძლებდა. იყო შეთხვევებიც, როცა ღამიდან ღამემდე მჯდარა გაუნძრევლად და ლეთეს ყურებით ტკბებოდა. ბოლოს, როგორც წესი, მისი ცხენი შეტორტმანდებოდა, ბოხად ჩაიხროტინებდა და ყმაწვილს შეაფხიზლებდა… ხან კი ძლიერი ქარი წამოუქროლებდა და თავისივე თმების ხრიალი აღვიძებდა (გრძელი და აბურდული თმები ჰქონდა).

ლეთესაც ძალიან უყვარდა, როცა ყმაწვილი მასთან მიდიოდა და მის ნაპირას ჯდებოდა. ლეთე წყნარი მდინარე იყო, ნაზად მიედინებოდა, ყველაფერს დაგავიწყებდა ადამიანს… …მაგრამ ზოგჯერ ძალიან აჩქეფდებოდა, ქვებს ეხეთქებოდა და თქაფუნებდა. თვითონ ლეთე ამას ვერ ამჩნევდა. ფიქრობდა, რომ ისევ ისე ნაზად მიედინებოდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ ყმაწვილს ლეთეს შხეფები ხვდებოდა, ყველაფერს, ყველაფერს ავიწყებდა. ყმაწვილი შეშლილივით დაფოფხავდა, აღარაფერი ახსოვდა. ამ უაზრო ფორთხვისას აქერონის მღვრიე ტალახშიც კი ამოისვრებოდა ხოლმე… (ყმაწვილის ფორთხვას ვერავინ ამჩნევდა. სხვები მას ჩვეულებრივად, ცხენით მოსეირნედ აღიქვამდნენ, მაგრამ იგი ხომ ძირს ეგდო)… ბოლოს მაინც ლეთეში გადაეშვებოდა ხოლმე და ბოლო-ბოლო სადღაც გაირიყებოდა…

(სადღაც შკაბადური საშინელ ხმაზე ხარხარებდა…)

ნახატის ავტ.: Zdzisław Beksiński

ყმაწვილი წამოდგებოდა, ამაყად მდგომ თავაწეულ ცხენს შეხედავდა, დაიმორცხვებდა და ჩვეულ ყოფას უბრუნდებოდა… ლეთე უკვე მდორედ მოედინებოდა. გარკვეულ ხანში ყმაწვილი ისევ ლეთესთან მივიდოდა, თბილ მიწაზე ჩამოჯდებოდა და მდინარის სიწყნარით ტკბებოდა…

Hold me near, my one love and guide
As I drown through your fingers
Drown through your love…
You are my lethe,
You are my all…

სითბო

იცით რა არის სითბო? არა, ღუმელიდან მომავალი ჰაერი არაა სითბო… (ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, პოსტის ბოლოში მოთავსებული მუსიკა ჩართოთ ფონად).

…და რამდენ წამს (ვ)კარგავთ სულ ტყუილად, ფუჭად… და არც არავინ დარდობს ამაზე… იქნებ ერთხელ თქვენც იპოვოთ ვინმე, ვისთან ერთადაც იფიქრებთ თითქოს უმნიშვნელო თემებზე… და მიხვდებით როგორი ძვირფასია ყველა წამი, რომელთაც უბრალოდ… კარგავთ! დაფიქრდით ყველა სიტყვაზე, რომელსაც სულ უბრალოდ და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე იძახით და რომლითაც გულს ტკენთ საყვარელ ადამიანებს. რამხელა სიხარული შეიძლება აღძრას ერთმა თბილმა სიტყვამ ან უბრალო მოალერსებამ, მაგრამ რაღაცატომ დაჯდომა და ფეხების გაშლა ყოფილა უკეთესი. ალბათ ხშირად მოგნდომებიათ, რომ ვინმეს ჩახუტებოდით, ისე, უბრალოდ, მაგრამ გადაგიფიქრებიათ, იმიტომ, რომ სხვის თვალში ნაზი ან თუნდაც გულჩვილი გამოჩნდებოდით (სასაცილოა, ზოგს კაცობა უხეშობა რომ ჰგონია) და ამიტომ “მიყვარხარ”, “მომენატრე”, და მსგავსი სიტყვები ხელოვნურად ჩაანაცვლეთ რაღაც სიცივით. სიცივე არაა მაგარი ტიპობა.

აი ახლა ალბათ მეც დროს ვკარგავ, ან თქვენც… არადა, ხომ შეიძლება ახლა ავდგე და ჩემს უახლოეს ადამიანებთან მივიდე და ვუთხრა, თუ როგორი ძვირფასები არიან ჩემთვის და რაღაც პატარა სითბო მაინც გავუზიარო… მაგრამ მეც ხომ ეს პრობლემა მაწუხებს ნაწილობრივ. საბედნიეროდ, ზოგიერთი მეგობრის დახმარებით უკვე “გავათბეთ” გარემო და თითქოს ის რაღაც სიმძიმეც ჩამომშორდა.

ბევრს აღარ მივედ-მოვედები და პირდაპირ გეტყვით… კი არა და გთხოვთ. დაუკვირდით თითოეულ მომენტს და დააფასეთ ყველაფერი. და მოდით, ყველანი ვეცადოთ, რომ უფრო მეტი სითბო გავუზიაროთ ერთმანეთს… ვიცი, რაღაც ძალიან “დებილურად” ჟღერს, რასაც ვწერ, მაგრამ იმედია, რომ მთავარს გაიგებთ და ჩემი ერთგვარი მიზანიც ესაა…

გმადლობთ 🙂 და… გაფასებთ.