მზე (ბოლო იმედი)

ცხრა მთას იქით ნელ-ნელა ღამდებოდა… ფოთლები ცვიოდა, ერთმანეთს ეფინებოდა და იხრწნებოდა. მთის იქით მზეს რაღაც ჩაებღაუჭა, ცაზე კაუჭით დაკიდებულს ბოლო მავთულიც მოსწყვიტა და ხახაში ჩაინთქა. მთელი დღე ღმუოდა და ზუზუნებდა ცა, ბოლოს გაიბზარა, ერთხელ დაიგრუხუნა და სულ გაქრა.

აღარეფერი დარჩა საერთოდ. მან კი მზის ნატეხების შეგროვება დაიწყო. მხოლოდ იმედიღა ჰქონდა. ძალიან დიდი ხანი აგროვებდა და თან ვერაფერს ხედავდა ნისლში. გზის გასანათებლად სამყოფი რომ შეაგროვა, გზას გაუდგა.

ფეხი რაღაცას წამოჰკრა, ოღონდ რაღაც მძიმედ მოეჩვენა. დაიხარა და ქვას მზე დაანათა. ქვა დაიჭმუხნა, ზედ ადამიანის სახემ თვალები მოჭმუჭნა და დიდი ხნის დავიწყებულ მზეს აერიდა. შორს სახლი მოჩანდა, მზიანმა ბიჭმა კარი შეაღო და შევიდა… მზე წელში მოხრილ და ჭერზე აბჯენილ ნაოჭიან ხეებს მიენათა. ხეებს სახეები უსიამოვნოდ შეეშმუშნათ და ჭრიალი დაიწყეს… ბიჭი სწრაფი უკუსვლით და გაფითრებული სახით გამოვიდა უკან, დადგა, ჩაფიქრდა… ცოტა ხანში მუხლებზე დაეცა, მოიკუნტა, თვალზე ცრემლი მოადგა და ფხვიერ უსულო მიწას თავით დაეყრდნო…

…ძალა მოიკრიბა, ძირს გაფანტული მზე ისევ წამოკრიფა, მძლავრად მოუჭირა ხელი და ამ დროს ცამ კიდევ დაიგრუხუნა. ბიჭმა თვალები ოდნავ შეახილა და უკვე დიდმა მზემ ციდან სასიამოვნოდ შეანათა თვალებში…

მზე ცაში იყო და ანათებდა…

მინდორზე იფურჩქნებოდნენ ყვითელი ვარდები. ალუბალზე რტოები ხარბად ამოზრდილიყვნენ… რაღაც რუხი უბრალო სარეველაც კი ამშვენებდა ძველ აივანს… ლარნაკში იებიც აყვავდნენ ნაზად…

…რაც არ უნდა მოხდეს

ლეთე

ნახატის ავტ.: Zdzisław Beksiński

ლეთე ძალიან ლამაზი იყო… მასთან ხშირად მიდიოდა ერთი ყმაწვილი. ძირითადად ცხენზე ამხედრებული იყო ხოლმე, ჩემოქვეითდებოდა, მდინარის პირას ჩამოჯდებოდა და გაჰყურებდა მას დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან უყვარდა ეს ადგილი, ლეთეს გარეშე ერთი დღეც ვერ ძლებდა. იყო შეთხვევებიც, როცა ღამიდან ღამემდე მჯდარა გაუნძრევლად და ლეთეს ყურებით ტკბებოდა. ბოლოს, როგორც წესი, მისი ცხენი შეტორტმანდებოდა, ბოხად ჩაიხროტინებდა და ყმაწვილს შეაფხიზლებდა… ხან კი ძლიერი ქარი წამოუქროლებდა და თავისივე თმების ხრიალი აღვიძებდა (გრძელი და აბურდული თმები ჰქონდა).

ლეთესაც ძალიან უყვარდა, როცა ყმაწვილი მასთან მიდიოდა და მის ნაპირას ჯდებოდა. ლეთე წყნარი მდინარე იყო, ნაზად მიედინებოდა, ყველაფერს დაგავიწყებდა ადამიანს… …მაგრამ ზოგჯერ ძალიან აჩქეფდებოდა, ქვებს ეხეთქებოდა და თქაფუნებდა. თვითონ ლეთე ამას ვერ ამჩნევდა. ფიქრობდა, რომ ისევ ისე ნაზად მიედინებოდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ ყმაწვილს ლეთეს შხეფები ხვდებოდა, ყველაფერს, ყველაფერს ავიწყებდა. ყმაწვილი შეშლილივით დაფოფხავდა, აღარაფერი ახსოვდა. ამ უაზრო ფორთხვისას აქერონის მღვრიე ტალახშიც კი ამოისვრებოდა ხოლმე… (ყმაწვილის ფორთხვას ვერავინ ამჩნევდა. სხვები მას ჩვეულებრივად, ცხენით მოსეირნედ აღიქვამდნენ, მაგრამ იგი ხომ ძირს ეგდო)… ბოლოს მაინც ლეთეში გადაეშვებოდა ხოლმე და ბოლო-ბოლო სადღაც გაირიყებოდა…

(სადღაც შკაბადური საშინელ ხმაზე ხარხარებდა…)

ნახატის ავტ.: Zdzisław Beksiński

ყმაწვილი წამოდგებოდა, ამაყად მდგომ თავაწეულ ცხენს შეხედავდა, დაიმორცხვებდა და ჩვეულ ყოფას უბრუნდებოდა… ლეთე უკვე მდორედ მოედინებოდა. გარკვეულ ხანში ყმაწვილი ისევ ლეთესთან მივიდოდა, თბილ მიწაზე ჩამოჯდებოდა და მდინარის სიწყნარით ტკბებოდა…

Hold me near, my one love and guide
As I drown through your fingers
Drown through your love…
You are my lethe,
You are my all…

სითბო

იცით რა არის სითბო? არა, ღუმელიდან მომავალი ჰაერი არაა სითბო… (ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, პოსტის ბოლოში მოთავსებული მუსიკა ჩართოთ ფონად).

…და რამდენ წამს (ვ)კარგავთ სულ ტყუილად, ფუჭად… და არც არავინ დარდობს ამაზე… იქნებ ერთხელ თქვენც იპოვოთ ვინმე, ვისთან ერთადაც იფიქრებთ თითქოს უმნიშვნელო თემებზე… და მიხვდებით როგორი ძვირფასია ყველა წამი, რომელთაც უბრალოდ… კარგავთ! დაფიქრდით ყველა სიტყვაზე, რომელსაც სულ უბრალოდ და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე იძახით და რომლითაც გულს ტკენთ საყვარელ ადამიანებს. რამხელა სიხარული შეიძლება აღძრას ერთმა თბილმა სიტყვამ ან უბრალო მოალერსებამ, მაგრამ რაღაცატომ დაჯდომა და ფეხების გაშლა ყოფილა უკეთესი. ალბათ ხშირად მოგნდომებიათ, რომ ვინმეს ჩახუტებოდით, ისე, უბრალოდ, მაგრამ გადაგიფიქრებიათ, იმიტომ, რომ სხვის თვალში ნაზი ან თუნდაც გულჩვილი გამოჩნდებოდით (სასაცილოა, ზოგს კაცობა უხეშობა რომ ჰგონია) და ამიტომ “მიყვარხარ”, “მომენატრე”, და მსგავსი სიტყვები ხელოვნურად ჩაანაცვლეთ რაღაც სიცივით. სიცივე არაა მაგარი ტიპობა.

აი ახლა ალბათ მეც დროს ვკარგავ, ან თქვენც… არადა, ხომ შეიძლება ახლა ავდგე და ჩემს უახლოეს ადამიანებთან მივიდე და ვუთხრა, თუ როგორი ძვირფასები არიან ჩემთვის და რაღაც პატარა სითბო მაინც გავუზიარო… მაგრამ მეც ხომ ეს პრობლემა მაწუხებს ნაწილობრივ. საბედნიეროდ, ზოგიერთი მეგობრის დახმარებით უკვე “გავათბეთ” გარემო და თითქოს ის რაღაც სიმძიმეც ჩამომშორდა.

ბევრს აღარ მივედ-მოვედები და პირდაპირ გეტყვით… კი არა და გთხოვთ. დაუკვირდით თითოეულ მომენტს და დააფასეთ ყველაფერი. და მოდით, ყველანი ვეცადოთ, რომ უფრო მეტი სითბო გავუზიაროთ ერთმანეთს… ვიცი, რაღაც ძალიან “დებილურად” ჟღერს, რასაც ვწერ, მაგრამ იმედია, რომ მთავარს გაიგებთ და ჩემი ერთგვარი მიზანიც ესაა…

გმადლობთ :) და… გაფასებთ.

იდეალური გოგო

ბოლო დროს ძალიან მივივიწყე ჩემი ბლოგი და გული მწყდებოდა. უამრავი აზრი მომდიოდა, მაგრამ სანამ კომპიუტერთან მივიდოდი “მუღამი” აღარ მქონდა და აღარც მახსოვდა რისი დაწერა მინდოდა. ახლა ისე დაემთხვა, რომ სამეცადინო არ მაქვს, ვზივარ კომპიუტერთან და რაღაც სულელური აზრი მომივიდა. ბარემ რახან აქ ვარ, დავწერ. ჩემი რა მიდის…

ყურადღება! პოსტი დაწერილია იუმორის ფარგლებში. (თუმცა, ხომ გსმენიათ, ყოველ ხუმრობაში არის ხუმრობის რაღაც მცირე ნაწილიო).

მაშ ასე, თუ შენ ხარ გოგო და ამავდროულად… Read the rest of this entry

Android SDK: ნულიდან “Hello World!”-მდე

დიდი ხნის შემდეგ კვლავ მივუბრუნდი ჩემს საყვარელ საქმიანობას და ამჯერად რაღაც ახლის გამოკვლევის სურვილი გამიჩნდა. სულ რამდენიმე კვირაა, რაც Samgung Galaxy Tab-ის მფლობელი ვარ. მოგეხსენებათ, რომ ეს “დივაისი” Android-ის პლატფორმაზეა, შესაბამისად, გადავწყვიტე მასთან ჩხირკედელაობა. გუშინ, უამრავი ტექნიკური პრობლემის მიუხედავად, დავაყენე ყველაფერი და პირველი “Hello World” პროგრამაც გავუშვი.

ეს პოსტი გათვლილია დამწყებთათვის, რომლებსაც სურთ, რომ დაწერონ პროგრამები Android-ის პლატფორმაზე მომუშავე მოწყობილობებისთვის. ამ პოსტის დახმარებით შეძლებთ დააყენოთ და გამართოთ ყველა ის აუცილებელი პროგრამა, რაც დაგჭირდებათ. მეც დამწყები ვარ Android-თან მიმართებაში, რაც ვიცი იმას გიზიარებთ.

სულ რაღაც 10 ნაბიჯში, თქვენ არაფრისგან შექმნით მარტივ “Hello World” პროგრამას. :)

შენიშვნა: Android აპლიკაციების შესაქმნელად უნდა იცოდეთ პროგრამირების ენა Java.

თუ უკვე მზად ხართ, განაგრძეთ ამ პოსტის კითხვა… Read the rest of this entry

Facebook რომ გამიუქმდეს?

გამარჯობა…  ჰმ, ხო, კარგი – ჰაააიი… მე დავიბადე 10 სექტემბერს და არა რომელიღაც სხვა დღეს, რომელიც არც კი მახსოვს რა დღე იყო (Facebook-ში დარეგისტრირების თარიღს ვგულისხმობ). მე გავდივარ გარეთ, ხეებს ვხედავ… ვხედავ ბალახებს, მინდვრებს… ხალხს ვხედავ, ზოგიერთს ვიცნობ, ზოგს – არა. ხშირად ვსაუბრობ, ვიცინი, ვხალისობ… და… ვიღიმი, ოღონდ მართლა, გულით ვიღიმი. მე გასაღიმებლად არ მჭირდება ორი წერტილის და დახურული ფრჩხილის, ან სხვა სიმბოლოების გამოყენება. მე თავისუფალი ვარ! მე ვარსებობ! გესმით თქვენ? უფრო სწორედ, კითხულობთ თქვენ? გაიგეთ?! მე ვარსებობ, თქვენ – არა! ჰმ… გასაკვირია, რა ამოიკითხე ახლა ისეთი, რომ გეღიმება? უფრო სწორედ გეორწერტილდახურულფრჩხილება? …მდაჰ… მგონი რაღაცას ვერ მიხვდი ხომ?

ბლოგებზე გავრცელდა რაღაც “ტეგ თამაში” სახელით “Facebook-ის Account-ი რომ გამიუქმდეს“… ზოგმა დაწერა თავს მოვიკლავდიო, ზოგმა – დეპრესიაში ჩავვარდებიო, ზოგისთვის ცხოვრება უაზრო გახდება, ზოგი ჭკუიდან შეიშლება, ზოგი აღარ იარსებებს… მე რას ვიზამდი? ნუ ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი შეიცვლებოდა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უაზროდ მიმაჩნია და მგონი არცაა საინტერესო.

ვარსებობ-მეთქი, რომ გითხარით, ხო, ხო… მე სინამდვილეში ვარსებობ… ჩემი სამყარო სხვანაირია, ჩემი სამყარო ნამდვილია… მე არ ვარ ჩაწერილი მყარ დისკებზე. მე ვხვდები მეგობარს, ვესალმები, ვეხუტები და ა.შ. და თქვენ? (wave), (hug), და კიდევ ბევრი სხვა… Read the rest of this entry

მართლა ყველას ესმის? (უსათაურო შეგრძნება)

შენთვის აქამდე შეუმჩნეველი ადამიანი უფრო შესამჩნევი ხდება… ხშირად უყურებ… უყურებ და თვალები გიშტერდება… ფიქრებში მიდიხარ… უმიზეზოდ იღიმი… ღრმად სუნთქავ… ცდილობ, რომ სულ მასთან ახლოს იყო, მასთან ერთად იყო… ვეღარაფერს ამჩნევ… თითოეული წამი ძვირფასი ხდება… დრო სხვანაირად მიდის…

მის გვერდში ჯდები,  მასთან ოდნავი შეხებაც კი თბილ ჟრუანტელს გგვრის და ხდები უწონო… შენთვის ყველაფერი სულ ერთია…

ოთახში მარტო ხარ… მუსიკას უსმენ, ლოგინზე გულაღმა წევხარ და ჭერს შესცქერი… ფიქრობ მომენტებზე, რომლებიც ცხოვრებას გიხალისებენ… ფიქრობ იმაზე, ვინც ცხოვრებას გიცოცხლებს…

მომენტები…

“სიყვარული” დრაკონებიან კოშკში

უმარტივესი ამოცანა პირველი კლასის სახელმძღვანელოდან:
(სახელები პირობითია).

ნიკას ჰყავს 5 მეგობარი, ლიკას კი 7. ამოცანა გვეკითხება: რამდენი მეგობარი ეყოლებათ ნიკას და ლიკას ერთად?

ამ ამოცანის პასუხია 12, რადგან 5+7=12. ეს მხოლოდ პირველკლასელთათვისაა ასე. როგორც გამოცდილებამ მიჩვენა, თუ ლიკა და ნიკა ერთად იქნებიან, მათ არცერთი მეგობარი არ ეყოლებათ! ძლიერ სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ასეთი სიყვარულით უყვართ ერთმანეთი უმრავლესობას. არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა რომელიღაც მეგობარს ხელს სტაცებენ, კოშკში გამოამწყვდევენ და დაცვად ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს უყენებენ. როგორც ჩანს, ზღაპრებშიც ყოფილა “სიმართლის გარკვეული წილი”. Read the rest of this entry

ჩვეული, შეუმჩნეველი სტრესები

მოგეხსენებათ, ვარ აბიტურიენტი, შესაბამისად, ამაზე დროს არ უნდა ვკარგავდე, მაგრამ ახლა მეცადინეობის არანაირი ენერგია არ გამაჩნია. თავს ნებას ვაძლევ ბლოგზე რაიმე დავწერო განტვირთვის მიზნით.

ამ პოსტში მინდა ყურადღება გავამახვილო ცოტათი დაბალმატერიალურ საკითხებზე. ჩამოგითვლით რამოდენიმე ჩვეულ სტრესს, რომლების მსხვერპლიც ვართ უმრავლესობა, თუმცა ვერ ვამჩნევთ მათ და ყურადღებასაც არ ვაქცევთ.

მაშ ასე, მე მხოლოდ Top 5 სტრესს შემოგთავაზებთ. მიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა, “პრიორიტეტები” არ მიმინიჭებია არცერთისთვის :D Read the rest of this entry

ჟამი აბიტურიენტობისა (ნაწილი პირველი)

(პროლოგი)

“ჟამი აბიტურიენტობისა” არის ორ ან სავარაუდოდ სამ ნაწილიანი დოკუმენტური მასალა მეთორმეტე კლასის და ზოგადად სააბიტურიენტო ხანის შესახებ. გთხოვთ კითხვისას ნუ “გადაახტებით” ნურაფერს – თუ წაკითხვაა სრულად წაიკითხეთ.

ეს ჯერჯერობით პირველი ნაწილია, რომელიც შეიცავს ხუთ თავს და აღწერს მეთორმეტე კლასის პირველი დღიდან საატესტატო გამოცდების დასრულებამდე პერიოდს. შემდეგი ნაწილი იქნება საატესტატოების დამთავრებიდან ეროვნული გამოცდების დამთავრებამდე ჟამთასვლის აღმწერი. ვფიქრობ, ხომ არ დამეწერა მესამე ნაწილიც, მაგრამ ამას დრო გვიჩვენებს. აბა ჰე! შეუდექით კითხვას… :) Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.